
დავით და გურამ კაკულიების ოჯახი და ადვოკატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
ჩვენ, დავით და გურამ კაკულიების ოჯახის წევრები და ინტერესების დამცველები, მივიჩნევთ, რომ მოცემულ საქმეზე მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნა სცდება სამართლებრივ ჩარჩოებს და აშკარად სუბიექტურ ხასიათს ატარებს.
მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებასა და მედიას მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ:
2026 წლის თებერვალში წარდგენილი ახალი ბრალდება წარმოადგენს არა ობიექტური გამოძიების შედეგს, არამედ ხელოვნურად შექმნილი მედიაკამპანიის ნარატივს.
აშკარაა მცდელობა, რომ მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, პროცესის ფორსირება საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებით მოხდეს.
გამოძიება არ ფლობს არცერთ მტკიცებულებას, რომელიც დავით და გურამ კაკულიების კავშირს ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის დაკვეთასთან დაადასტურებდა.
ბრალდების ერთადერთი საყრდენი დაუდასტურებელ ინფორმაციაზე (ე.წ. „ჭორზე“) დაფუძნებული პატაკია.
ბრალდების მხარე ცდილობს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით ე.წ. „შურისძიების“ ვერსია დაამკვიდროს, რაც ლოგიკას სრულიად მოკლებულია.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქმის მასალების მიხედვით, წარსულში სერიოზული უთანხმოების ან კონფლიქტის არსებობას ორივე ოჯახი — როგორც ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების, ისე დაზარალებულის მხარე — არ ადასტურებს.
როდესაც თავად მხარეები უარყოფენ ამ ფაქტს, „მოტივის“ ხელოვნური კონსტრუირება მხოლოდ და მხოლოდ დავითისა და გურამის ღირსების შემლახველია.
მოვუწოდებთ ყველას, მედიარეიტინგებზე ორიენტირებული ნაბიჯების ნაცვლად, იხელმძღვანელონ კანონის უზენაესობით.
ჩვენი მხარე გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რათა დაამტკიცოს ბრალდების უსაფუძვლობა და შეწყდეს დაუსაბუთებელი სისხლისსამართლებრივი დევნა.
