ბინადრობის ნებართვები
საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვება მარტივი ჩანს მხოლოდ მანამ, სანამ პროცესში არ ჩაეფლობით. ნებართვის სწორი კატეგორიის არჩევა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში (SDA) ზუსტი დოკუმენტაციის წარდგენა და ვადების მკაცრი დაცვა – ეს ის სამი ფაქტორია, რომელიც ნებართვის მოპოვებაზე ძირითად გავლენას ახდენს. სტატიაში განვიხილავთ ბინადრობის ყველა ძირითად კატეგორიას, სავალდებულო დოკუმენტაციას, ვადებს და საფასურებს.
ზოგადი მოთხოვნები და მნიშვნელოვანი წინაპირობები
ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე. ეს ნიშნავს, რომ განაცხადის შეტანის მომენტში საქართველოში ყოფნა კანონიერი უნდა იყოს – ვიზის ან უვიზო რეჟიმის ფარგლებში.
მნიშვნელოვანია: განაცხადი შეიტანება საქართველოში კანონიერი ყოფნის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 40 კალენდარული დღით ადრე (გამონაკლისი: უვადო, საინვესტიციო, სპეციალური, მოკლევადიანი, IT და ოჯახური ძალადობის მსხვერპლის ბინადრობის ნებართვები).
თავშესაფრის მაძიებელი საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნებისთვის არ ითვლება საქართველოში კანონიერად მყოფ პირად. აგრეთვე, თუ პირი საქართველოში იმყოფება საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველზე.
შრომითი ბინადრობის ნებართვა
გაიცემა შრომითი საქმიანობის უფლების მქონე უცხოელზე. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარსადგენია: განაცხადი, უნიკალური კოდი, პასპორტის ასლი, კანონიერი ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, შრომის ხელშეკრულება ან დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტი, შრომითი საქმიანობის უფლების თაობაზე გადაწყვეტილება, ცნობა ლეგალური შემოსავლის შესახებ (საშუალო საარსებო მინიმუმის არანაკლებ 5-მაგ ოდენობაზე მეტი), შემოსავლების სამსახურის ცნობა კომპანიის წლიური ბრუნვის შესახებ (50,000 ლარი/თითო უცხოელზე), ცნობა კომპანიაში დასაქმებულ უცხოელთა რაოდენობის შესახებ.
IT ბინადრობის ნებართვა
გაიცემა IT სფეროში შრომითი საქმიანობის უფლების მქონე შრომით იმიგრანტზე; მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე IT მეწარმე ფიზიკურ პირზე; IT სფეროს საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელ/წარმომადგენელ პირზე; ასევე ზემოთ ჩამოთვლილ პირთა ოჯახის წევრებზე.
მნიშვნელოვანია: მოთხოვნილია: მინ. 2 წლის გამოცდილება IT სფეროში და ბოლო 1 წლის წლიური ანაზღაურება არანაკლებ 25,000 აშშ დოლარის ოდენობით (გადახდა შესრულებული უნდა იყოს მინ. ორჯერ, 30-დღიანი ინტერვალით).
სასწავლო ბინადრობის ნებართვა
გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით. ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: განაცხადი, პასპორტის ასლი, ქვეყანაში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, სასწავლებლის ცნობა (სწავლის ვადის მითითებით), უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლისა და აღნიშნულ პირთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი. აგრეთვე, ალტერნატივის სახით შეიძლება წარდეგნილ იყოს ბანკის ანგარიშზე არსებული თანხა (ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად – საშუალო საარსებო მინიმუმის არანაკლებ 5-მაგ ოდენობაზე მეტი).
ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით
გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე. საჭიროა: განაცხადი, პასპორტი, კანონიერი ყოფნის დოკუმენტი, ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი, ლეგალური შემოსავლის ცნობა (საარსებო მინიმუმის მინ. 2-მაგ ოდენობაზე მეტი).
საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა
გაიცემა მინ. $300,000 ინვესტიციის განხორციელების ან ამ ღირებულების უძრავი ქონების საკუთრების საფუძველზე (სასოფლო-სამეურნეო მიწის გარდა). ასევე ვრცელდება ინვესტორის ოჯახის წევრებზე. ინვესტიციის გზით გაცემული ნებართვისთვის საჭიროა: განცცხადება; აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებლის დასკვა; საქართველოს მთავრობის წევრის ან საქართველოში მოქმედი მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე საქართველოს 3 მოქალაქის წერილობითი რეკომენდაცია;
ინვესტორი ვალდებულია ყოველწლიურად წარადგინოს ბრუნვის შესახებ ინფორმაცია (1-ლი წელი – არანაკლებ $50,000; მე-2 – არანაკლებ $100,000; მე-3-5 – არანაკლებ $120,000).
მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა
გაიცემა $150,000-ზე მეტი საბაზრო ღირებულების უძრავი ქონების მფლობელ უცხოელზე (სასოფლო-სამეურნეო მიწის გარდა), ასევე მის მეუღლეზე და შვილ(ებ)ზე. საბაზრო ღირებულება უნდა დადგინდეს აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებლის დასკვნით.
საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა
გაიცემა უცხოელზე, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. სააგენტოს უნდა წარედგინოს: განცხადება, პასპორტის ასლი, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
უცხოელს, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და არ დაუტოვებია საქართველოს ტერიტორია, საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად არ მოეთხოვება საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის წარდგენა.
მუდმივი ცხოვრების ნებართვა
გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე ან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე; ასევე უცხოელზე, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში დროებითი ბინადრობის ნებართვით ცხოვრობდა საქართველოში (სწავლის, მკურნალობის ან დიპლომატიური მიზნით ყოფნის ვადები არ ჩაითვლება). სავალდებულოა, აგრეთვე, ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ასევე, ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
უვადო ბინადრობის ნებართვა
გაიცემა 5 წლიანი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის შემდეგ. ინვესტიციის გზით – საჭიროა ყოველწლიური ბრუნვის ნორმების შესრულება ($50K / $100K / $120K × 3). უძრავი ქონების გზით – საჭიროა 5 წლის განმავლობაში საკუთრების შენარჩუნება. ვრცელდება ინვესტორის ოჯახის წევრებზეც. გამოძახება სააგენტოში 5-წლიანი ვადის ამოწურვამდე.
მომსახურების საფასურები
| ბინადრობის ტიპი | 30 დღე | 20 დღე | 10 დღე |
| შრომითი / IT / სასწავლო / ოჯახური / საინვესტიციო / მოკლევადიანი | 300 ლ | 450 ლ | 500 ლ |
| მუდმივი ცხოვრების / უვადო | 350 ლ | 500 ლ | – |
| სპეციალური ბინადრობის ნებართვა (რომელიც გაიცემა მთავრობის ინიციატივით / ტრეფიკინგის მსხვერპლზე / უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეზე / კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე) | უფასო (10 სამუშაო დღე) | ||
განაცხადის შეტანის პროცესი
- სწორი კატეგორიის განსაზღვრა
პირველი და ყველაზე კრიტიკული ნაბიჯია ბინადრობის ტიპის სწორად შერჩევა, ვინაიდან, ყველა კატეგორიას სპეციფიკური მოთხოვნები აქვს.
- დოკუმენტაციის მომზადება
განაცხადი წარედგინება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (SDA) – პირადად ან დისტანციურად.
- განაცხადის შეტანა და განხილვის ვადა
განაცხადის განხილვის ვადა დამოკიდებულია განაცხადის შეტანისას ართჩეული მომსახურების ტიპზე: სტანდარტული (30 დღე), ჩქარი (20 დღე) ან ექსპრეს (10 დღე).
- ბინადრობის მოწმობის მიღება
ნებისმიერი უცხოელი, რომელსაც მიენიჭა ბინადრობის ნებართვა, ვალდებულია მიიღოს ბინადრობის მოწმობა.
დაინტერესებულმა პირმა ბინადრობის მოწმობის მისაღებად უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან იუსტიციის სახლის ფილიალებს.
მნიშვნელოვანია: დისტანციური განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ვადის გაგრძელების შემთხვევაში, ამ გზით სარგებლობენ საზღვარგარეთ მყოფი პირები sda.gov.ge-ის მეშვეობით.
ჩვენი სამართლებრივი მხარდაჭერა
ჩვენი იურიდიული გუნდი გთავაზობთ სრულ მხარდაჭერას ბინადრობის მოპოვების პროცესში.
- სტრატეგიის დაგეგმვა: ინდივიდუალურად შევაფასებთ თქვენს ქეისს და შევარჩევთ ყველაზე ეფექტურ გზას;
- ბიუროკრატიის მართვა: ვუზრუნველყოფთ ყველა საჭირო დოკუმენტის შეგროვებას, თარგმნასა და ნოტარიულ დამოწმებას;
- რისკების პრევენცია: წინასწარ განვსაზღვრავთ ყველა შესაძლო შეფერხების მიზეზს, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს დადებითი გადაწყვეტილების მიღების შანსი.
პასუხისმგებლობის შეზღუდვის განაცხადი: წინამდებარე სტატია მომზადებულია მხოლოდ ინფორმაციული მიზნით და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. სტატიაში განხილული საკითხები არ ქმნის ადვოკატ-კლიენტის ურთიერთობას თქვენსა და ჩვენს კომპანიას შორის. სტატიაში მოცემული ინფორმაცია ეფუძნება 2026 წლის მაისის მდგომარეობით მოქმედ კანონმდებლობას. კონკრეტულ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით ინდივიდუალური კონსულტაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.
