შრომითი მიგრაცია საქართველოში

შრომითი საქმიანობის უფლება

2026 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა “შრომითი მიგრაციის შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც  საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შრომით საქმიანობასა და თვითდასაქმებას არეგულირებს. 

ვის ეხება ახალი რეგულაციები?

აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც ადგილობრივ დამსაქმებლებზე, აგრეთვე თავად უცხოელ დასაქმებულებსა და თვითდასაქმებულებზე.

ახალი რეგულაციები ვრცელდება ორ ძირითად კატეგორიაზე:

1. უცხოელი დასაქმებული 

უცხოელი, რომელსაც საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა არ გააჩნია და რომლის მიზანია ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობა.

2. თვითდასაქმებული უცხოელი

საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელი, რომელიც საქართველოში ახორციელებს შრომით საქმიანობას, მათ შორის, არის ვაჭრობის, მომსახურების ან სხვა ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი დამოუკიდებელი კონტრაქტორი ან სხვაგვარად არის ჩართული სამეწარმეო/შრომითი საქმიანობის პროცესში და ამ საქმიანობის მიზანი ფინანსური სარგებლის მიღებაა.

მნიშვნელოვანია: კანონი ადგენს სპეციალურ საგამონაკლისო შემთხვევებს, რა შემთხვევაში არ ვრცელდება კანონის მოქმედება: პირებზე, რომლებიც სრულად დისტანციურად მუშაობენ ადგილობრივი დამსაქმებლისთვის და ეს საქმიანობა მათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას არ საჭიროებს; „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის საწარმოში ხელმძღვანელობით/მმართველობით საქმიანობის განმახორციელებლებზე ან აუდიტის კომიტეტის წევრებზე; ასევე მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის განმახორციელებლებზე (საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით); ლტოლვილის, დამატებითი ან დროებითი დაცვის სტატუსის მქონე პირებზე; თავშესაფრის მაძიებლებზე; საინვესტიციო ან სპეციალური ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე და სხვა.

უცხოელი დასაქმებული

საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისათვის, უცხოელ დასაქმებულს ესაჭიროება:

  • შრომითი ხელშეკრულება (რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს შრომის კოდექსისა და შრომითი მიგრაციის კანონის სავალდებულო მოხოვნებთან);
  • შრომითი საქმიანობის უფლება;
  • ბინადრობის ნებართვა ან D1 კატეგორიის ვიზა (გარდა დისტანციური თანამშრომლებისა).

უცხოელი დასაქმებულისათვის შრომითი საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად სააგენტოს განცხადებით მიმართავს უშუალოდ ადგილობრივი დამსაქმებელი, ელექტრონული პორტალის მეშვეობით. ამასთან, გარდა საგამონაკლისო შემთხვევებისა, დამსაქმებელი ვალდებულია, განაცხადის შეტანამდე სპეციალურ საინფორმაციო სისტემაში გამოაქვეყნოს ვაკანტური თანამდებობის შესახებ ინფორმაცია, შესაბამის პოზიციაზე ადგილობრივი კადრის მოსაძიებლად.

მნიშვნელოვანია: შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა კონკრეტულ დამსაქმებელთან, კონკრეტულ თანამდებობაზე მუშაობის უფლებით. თანამდებობის შეცვლის შემთხვევაში საჭიროა ახალი ნებართვის მოპოვება.

თვითდასაქმებული უცხოელი

სამეწარმეო/შრომითი საქმიანობისათვის, თვითდასაქმებულ უცხოელს ესსჭიროება:

  • შრომითი საქმიანობის უფლება;
  • ბინადრობის ნებართვა ან D1 კატეგორიის ვიზა (გარდა დისტანციური მუშაობისა).

განაცხადის წარდგენის შემდეგ, თვითდასაქმებული უცხოელი ვალდებულია სააგენტოთან გაიაროს ვიდეოინტერვიუ. ინტერვიუს შემდეგ ის ადასტურებს ელექტრონულ განაცხადს, რომელსაც სააგენტო განიხილავს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

მნიშვნელოვანია: შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა კონკრეტული საქმიანობის სფეროსათვის. სფეროს შეცვლის შემთხვევაში საჭიროა ახალი ნებართვის მოპოვება. 

განაცხადის წარდგენის საფასური

დასაქმებულის შემთხვევაში საფასურს იხდის ადგილობრივი დამსაქმებელი. ხოლო, თვითდასაქმებულის შემთხვევაში – თავად უცხოელი.

სერვისივადასაფასური
სტანდარტული განხილვა30 დღე200 ლარი
დაჩქარებული განხილვა10 სამ. დღე400 ლარი
ვადის გაგრძელება30 დღე200 ლარი

ბინადრობის ნებართვის მოპოვების ვალდებულება

შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდეგ:

  • თუ პირი იმყოფება საქართველოში, 10 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად.
  • საქართველოს საზღვრებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში, პირმა 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა მიმართოთ საკონსულო დაწესებულებას D1 კატეგორიის ვიზის მოსაპოვებლად.

გამონაკლისი: შრომითი ბინადრობის ნებართვა/D1 კატეგორიის ვიზა არ მოითხოვება: 1. სხვა ტიპის ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისათვის; 2. სრულად დისტანციური მუშაობის შემთხვევაში. ბინადრობის ნებართვის მოპოვების ხარჯების ანაზღაურება ეკისრება თავად დასაქმებულს ან თვითდასაქმებულს. 

ჩვენი სამართლებრივი მხარდაჭერა

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შრომითი მიგრაციისა და დასაქმების რეგულაციები კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. ახალი სამართლებრივი სტანდარტების პირობებში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სწორი სტრატეგიის შემუშავებას, დოკუმენტაციის (მათ შორის, შრომითი ხელშეკრულებების) კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობასა და ვადების მკაცრ დაცვას.

ბიუროკრატიულმა ხარვეზმა ან არასწორად წარმოებულმა ადმინისტრაციულმა პროცესმა შესაძლოა გამოიწვიოს როგორც სერიოზული ფინანსური სანქციები დამსაქმებელი კომპანიებისთვის, ისე ქვეყანაში ლეგალურად ყოფნისა და საქმიანობის უფლების დაკარგვა – ფიზიკური პირებისთვის.

ჩვენი იურიდიული გუნდი მზად არის, უზრუნველყოს პროცესის სრული სამართლებრივი მხარდაჭერა და დაგიცვათ შესაძლო რისკებისგან:

დამსაქმებელი კომპანიებისთვის:

  • პროცესების ოპტიმიზაცია: უცხოელი თანამშრომლების დასაქმების სამართლებრივი ეტაპების სწორი დაგეგმვა და დროში ეფექტური მართვა;
  • დოკუმენტაციის მომზადება: ადგილობრივი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მაღალი ხარისხის შრომითი ხელშეკრულებებისა და შიდაორგანიზაციული დოკუმენტაციის შემუშავება;
  • საჭირო ნებართვების მოპოვების მიზნით, სახელმწიფო უწყებებთან ოფიციალური კორესპონდენციის წარმოება.

თვითდასაქმებული უცხოელებისთვის:

  • სამართლებრივი კონსულტაცია: საქართველოში ლეგალურად ოპერირების, ბიზნესის რეგისტრაციისა და საგადასახადო რეჟიმების შერჩევის თაობაზე;
  • დოკუმენტური მხარდაჭერა: შრომითი საქმიანობისა და ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად საჭირო დოკუმენტაციის სამართლებრივი რევიზია და სრული პაკეტის მომზადება;
  • ადმინისტრაციული მხარდაჭერა: სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციის მართვა.

პასუხისმგებლობის შეზღუდვის განაცხადი: წინამდებარე სტატია მომზადებულია მხოლოდ ინფორმაციული მიზნით და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. სტატიაში განხილული საკითხები არ ქმნის ადვოკატ-კლიენტის ურთიერთობას თქვენსა და ჩვენს კომპანიას შორის. სტატიაში მოცემული ინფორმაცია ეფუძნება 2026 წლის მაისის მდგომარეობით მოქმედ კანონმდებლობას. კონკრეტულ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით ინდივიდუალური კონსულტაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top