არასრულწლოვანთა დასაქმება: დამსაქმებლებისთვის, მოზარდებისა და მშობლებისთვის

თანამედროვე შრომის ბაზარზე სულ უფრო ხშირად ვხვდებით მოზარდებს, რომელთაც ადრეული ასაკიდანვე სურთ პროფესიული გამოცდილების შეძენა და ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება. ერთი შეხედვით, ეს პოზიტიური ტენდენცია კარგი შესაძლებლობაა როგორც ახალგაზრდების განვითარებისთვის, ასევე ენერგიული და ენთუზიაზმით აღსავსე კადრებით ბიზნესის უზრუნველყოფისთვის. თუმცა, არასრულწლოვანთა დასაქმებისას მნიშვნელოვანია სამართლებრივ რეგულაციებთან შესაბამისობა.

საქართველოს შრომის კანონმდებლობა არასრულწლოვან დასაქმებულებს განსაკუთრებული დაცვის გარანტიებს სთავაზობს. ბიზნესის მხრიდან ამ რეგულაციების უგულებელყოფამ შესაძლოა არა მხოლოდ შრომის ინსპექციის მხრიდან მკაცრი სანქციები, არამედ სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობაც გამოიწვიოს.

წინამდებარე სტატიაში მიმოვიხილავთ იმ რეგულაციებს, რომლებიც არასრულწლოვანთა დასაქმებაზე ვრცელდება. 

1. შრომითი ქმედუნარიანობა: რა ასაკიდან და რა პირობებით შეუძლია არასრულწლოვანს მუშაობა?

საქართველოს კანონმდებლობით, არასრულწლოვანად ითვლება 18 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი. საქართველოს შრომის კოდექსის მე-10 მუხლი კი ადგენს შრომითი ქმედუნარიანობის ასაკს. ამ თვალსაზრისით, შესაძლებელია გამოიყოს სამი ასაკობრივი ჯგუფი:

  • 16-იდან 18 წლამდე მოზარდები:
    ფიზიკური პირის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლიდან. მოზარდს დამოუკიდებლად შეუძლია დადოს შრომითი ხელშეკრულება დამსაქმებელთან, თუმცა დამსაქმებელი ვალდებულია დაიცვას არასრულწლოვანთათვის დადგენილი სპეციალური შრომითი პირობები.
  • 14-იდან 16 წლამდე მოზარდები:
    შრომითი ხელშეკრულების დადება შესაძლებელია მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლის (მშობლის/მზრუნველის) ან მეურვეობის/მზრუნველობის ორგანოს თანხმობით. ამასთან, სავალდებულო პირობაა, რომ შრომითი ურთიერთობა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს არასრულწლოვანის ინტერესებს, ზიანს არ უნდა აყენებდეს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უნდა უზღუდავდეს მას სავალდებულო დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას. 
  • 14 წლამდე ასაკის პირები:
    მათი დასაქმება დაშვებულია მხოლოდ საგამონაკლისო სფეროებში:
  • სპორტის;
  • ხელოვნების;
  • კულტურის;
  • ან/და სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად.

2. აკრძალული სფეროები

შრომის კოდექსი და „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ (მუხლი 63) ადგენს სფეროებს, სადაც 18 წლამდე პირთა დასაქმება სრულად აკრძალულია, მიუხედავად ასაკისა თუ მშობლის თანხმობისა, ეს სფეროებია:

  1. სათამაშო ბიზნესი: აზარტულ და მომგებიან თამაშობებთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაო.
  2. ღამის გასართობი დაწესებულებები: კლუბები და მსგავსი ობიექტები.
  3. სენსიტიური პროდუქცია: ეროტიკული/პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების, ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ნაწარმის დამზადება, გადაზიდვა, დასაწყობება ან რეალიზაცია.
  4. მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოები: ოფიციალური სრული სია განსაზღვრულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №01-126/ნ ბრძანებით.

არასრულწლოვანის 22:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში დასაქმება აკრძალულია.

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 54-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, 18 წლამდე არასრულწლოვანს უფლება აქვს, დაცული იყოს ისეთი სამუშაოს შესრულებისგან, რომელიც მას ხელს უშლის განათლების მიღებაში ან საზიანოა მისი ჯანმრთელობისთვის ან ფიზიკური, გონებრივი, მორალური, ემოციური და სოციალური განვითარებისთვის.

საყურადღებოა, რომ არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენელს ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს უფლება აქვს, მოითხოვოს არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ მუშაობის გაგრძელება ზიანს მიაყენებს არასრულწლოვანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან სხვა მნიშვნელოვან ინტერესებს.

3. არასრულწლოვნის სამედიცინო შემოწმება 

არასრულწლოვანთა შრომის უსაფრთხოების კონტექსტში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სავალდებულო სამედიცინო შემოწმების საკითხი. საქართველოს შრომის კოდექსი პირდაპირ არ ადგენს ამ ვალდებულებას, თუმცა იგი დეტალურად არის რეგულირებული ჯანდაცვის მინისტრის №01-126/ნ ბრძანებით (დანართი №1, მე-4 მუხლი). აღნიშნული ნორმის მიხედვით:

  • 18 წლამდე ასაკის პირის სამუშაოზე დაშვება აკრძალულია სამუშაოს დაწყებამდე სავალდებულო სამედიცინო შემოწმების გავლის გარეშე;
  • სამედიცინო შემოწმებას უნდა ჰქონდეს ყოველწლიური ან პერიოდული ხასიათი (ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ჩვენების შესაბამისად);
  • სამედიცინო შემოწმების ორგანიზებისა და უზრუნველყოფის სრული ვალდებულება ეკისრება დამსაქმებელს.

4. სამუშაო დრო, შესვენება და დასვენება

არასრულწლოვანების ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დასაცავად, კანონმდებელი აწესებს სამუშაო დროის მკაცრ ლიმიტებს. შედარებისთვის: თუ ზრდასრულისთვის სტანდარტული ნორმირებული დრო კვირაში 40 საათია, არასრულწლოვანთათვის მოქმედებს შემდეგი გრაფიკი:

ასაკობრივი ჯგუფიმაქსიმალური ხანგრძლივობა კვირაშიმაქსიმალური ხანგრძლივობა დღეში
16-დან 18 წლამდე36 საათი6 საათი
14-დან 16 წლამდე24 საათი4 საათი

ზეგანაკვეთური სამუშაო: დასაშვებია მხოლოდ არასრულწლოვანის თანხმობით, დღეში არაუმეტეს 2 საათი, ხოლო კვირაში არაუმეტეს 4 საათი.

შესვენება და დასვენება

  • შესვენება: თუ სამუშაო დღის ხანგრძლივობა აღემატება 6 საათს, არასრულწლოვანს უნდა მიეცეს შესვენება, არანაკლებ 60 წუთის ოდენობით;
  • ანაზღაურებადი შვებულება: დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით.
  • ანაზღაურების გარეშე შვებულება: გარდა ანაზღაურებადი შვებულებისა, დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით.
  • არასრულწლოვანის ანაზღაურებადი შვებულების მომდევნო წლისთვის გადატანა აკრძალულია. 

5. შრომითი ხელშეკრულება და ანაზღაურება 

წერილობითი ფორმა: თუ შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა 1 თვეს აღემატება, წერილობითი შრომითი ხელშეკრულების დადება სავალდებულოა (შრომის კოდექსის 12-ე მუხლი). 

გამოსაცდელი ვადის ან სტაჟირების შემთხვევაში წერილობითი ფორმა ნებისმიერ შემთხვევაში სავალდებულოა, მიუხედავად ვადისა;

ანაზღაურების პერიოდულობა: შრომის ანაზღაურება უნდა გაიცეს არანაკლებ თვეში ერთხელ;

გამოსაცდელი ვადა: გამოსაცდელ ვადაში შესრულებული სამუშაო სავალდებულო წესით ექვემდებარება ანაზღაურებას.

სტაჟირება: ანაზღაურების გარეშე სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ხოლო ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა − 1 წელს. პირს უფლება აქვს, ერთსა და იმავე დამსაქმებელთან ანაზღაურების გარეშე სტაჟირება გაიაროს მხოლოდ ერთხელ.

მნიშვნელოვანია: დამსაქმებელს ეკრძალება სტაჟირების გამოყენება შრომითი ხელშეკრულების დადების თავიდან არიდების მიზნით. სტაჟიორი არ ცვლის შტატიან დასაქმებულს.

6. სამართლებრივი პასუხისმგებლობა და რისკები

მცდარია შეხედულება, თითქოს არასრულწლოვანის „არაფორმალურად“ დასაქმებით კომპანია სამართლებრივ რისკს აირიდებს. შრომის ინსპექცია აქტიურად ამოწმებს ობიექტებს და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მათ ადმინისტრაციულ ჯარიმას აკისრებს.

გარდა ამისა, ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს დამსაქმებელს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებისგან. აღმოჩენილი დარღვევის გამოსწორებისთვის შრომის ინსპექციის სამსახური დამსაქმებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რის შემდეგაც ხდება გადამოწმება, რამდენად შეასრულა დამსაქმებელმა შრომის ინსპექციის მითითებები.  

7. პრაქტიკული ჩექლისტი 

კომპანიებისა და HR მენეჯერებისთვის:

  • ყურადღებით გადაამოწმეთ ასაკი: მოითხოვეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
  • მიიღეთ წერილობითი თანხმობა: 16 წლამდე პირის დასაქმებისას აუცილებლად შეინახეთ მშობლის/მეურვის წერილობითი თანხმობა.
  • გადაამოწმეთ საქმიანობის სფერო: დარწმუნდით, რომ სამუშაო არ მიეკუთვნება აკრძალულ, მძიმე ან მავნე პირობებიან კატეგორიას.
  • სამუშაო საათები: დაარეგულირეთ არასრულწლოვანი დასაქმებულის სამუშაო დრო იმგვარად, რომ არ გადააჭარბოთ დღიურ/კვირეულ ლიმიტებს (4/24 სთ ან 6/36 სთ) და სრულად გამორიცხოთ 22:00 საათის შემდეგ მუშაობა.
  • გაფორმეთ ხელშეკრულება: 1 თვეზე მეტი ვადით დასაქმებისას აუცილებლად გააფორმეთ დეტალური წერილობითი ხელშეკრულება. ამასთან, რეკომენდებულია გაფორმდეს წერილობითი ხელშეკრულება იმ შემთხვევაშიც, თუ დასაქმების ვადა 1 თვეს არ აღემატება.
  • უზრუნველყავით სამედიცინო შემოწმება: სამუშაოზე დაშვებამდე დარწმუნდით, რომ არასრულწლოვანმა გაიარა წინასწარი სამედიცინო შემოწმება.

არასრულწლოვნებისა და მშობლებისთვის:

  • მოითხოვეთ ხელშეკრულება: ნუ დათანხმდებით სიტყვიერ შეთანხმებას. ხელშეკრულებაში მკაფიოდ უნდა ეწეროს თქვენი უფლება-მოვალეობები;
  • დაიცავით ბალანსი: სამუშაო არ უნდა უშლიდეს ხელს სკოლასა თუ პიროვნულ განვითარებას. აუცილებელია დასაქმებას, სწავლასა და პირად ცხოვრებას შორის ჯანსაღი ბალანსის დაცვა.
  • ყურადღება მიაქციეთ საათებს: გახსოვდეთ, 22:00 საათის შემდეგ მუშაობა კანონდარღვევაა და ამგვარი სამუშაოს შესრულების ვალდებულება არ გაქვთ.

დასკვნა 

არასრულწლოვანთა დასაქმება შესაძლებელია პროდუქტიული პროცესი აღმოჩნდეს როგორც ბიზნესისთვის, ისე ახალგაზრდებისთვის, თუკი იგი კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს. თუ გსურთ არასრულწლოვანთა დასაქმების პროცესის სწორად დაგეგმვა, შრომითი ხელშეკრულებების მომზადება ან შრომის ინსპექციის მოთხოვნებთან შესაბამისობის აუდიტი, ჩვენი იურიდიული გუნდი მზად არის დაგეხმაროთ.

პასუხისმგებლობის შეზღუდვის განაცხადი: წინამდებარე სტატია მომზადებულია მხოლოდ ინფორმაციული მიზნით და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. სტატიაში განხილული საკითხები არ ქმნის ადვოკატ-კლიენტის ურთიერთობას თქვენსა და ჩვენს კომპანიას შორის. სტატიაში მოცემული ინფორმაცია ეფუძნება 2026 წლის ივლისის მდგომარეობით მოქმედ კანონმდებლობას. კონკრეტულ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით ინდივიდუალური კონსულტაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ. 

წყაროები:

  • საქართველოს ორგანული კანონი “საქართველოს შრომის კოდექსი”;
  • საქართველოს ორგანული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“; 
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №01-126/ნ “18 წლამდე ასაკის პირისთვის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე”;
  • სა­ქარ­თვე­ლოს შრომის კოდექსის კომენტარი, დ. კერესელიძის, ს. ჩაჩავას, ვ. ზაალიშვილის, ზ. შველიძისა და ქ. მესხიშვილის რედაქტორობით, თბილისი, 2023;
  • International Labour Organization (ILO), Minimum Age Convention, 1973 (No. 138); 
  • International Labour Organization (ILO), Worst Forms of Child Labour Convention, 1999 (No. 182). 

ავტორი – ანანო ნიკოლაძე

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top